მოსაზრებები ავტომობილების ტექ. დათვალიერების შესახებ (წერილი პირველი)

ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების აღდგენის საკითხი ისევ გადაიდო 2018 წლამდე და არავინ იცის ეს როდემდე გაგრძელდება. მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდება როგორც ტრანსპორტის მენეჯმენტის კუთხით ასევე ეკოლოგიური კუთხით. ამაზე ბევრი იწერება, მაგრამ საქმე წინ არ მიდის. 2008 წელს ვმუშაობდი პროექტზე “ტყვია და ადამიანის ჯანმრთელობა”, სადაც წარმოვადგინე ჩემი მოსაზრებები ტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების შესახებ. შემდგომში, 2014 წელს, დავწერე წერილი აღნიშნულ საკითხზე, რომელსაც ახლა უცვლელად გთავაზობთ:

2004 წლის “საქართველოს კანონი სატრანსპორტო უსაფრთხოების შესახებ” მიხედვით, ავტტომობილების ყოველწლიური აუცილებელი ტექნიკური დათვალიერება 2007 წლის იანვრამდე, აღნიშნულ სისტემაში კორუფციის აღკვეთის მიზნით, გახდა ნებაყოფლობითი. მას შემდეგ რამდენჯერმე ოყო ტექნიკური დათვალიერების აღდგენის მცდელობა, მაგრამ ბოლოს ისევ გადაიდო 2015 წლის 1 მარტამდე.(1)

ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება მოიცავს ორ ძირითად პარამეტრს: მანქანის ტექნიკურ გამართულობას და გამონაბოლქვზე შემოწმებას. პირველი პარამეტრის სისრულეში მოყვანა მეტნაკლებად შესაძლებელია. როგორ მოხდება მეორე პარამეტრის-გამონაბოლქვის შემოწმება დღევანდელ რეალობაში ცოტა არ იყოს გაურკვეველია. თანამედროვე ავტომობილს, ტოქსიკური ნაერთების ჰაერში გამოფრქვევის შემცირების მიზნით, აქვს კატალიზური გადამრთველი, რომელიც თანამედროვე ავტომობილის განუყოფელი ნაწილია. 1970-იან წლებამდე თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყანა იყენებდა ტყვიის(ეთილირებული ტყვია) შემცველ ბენზინს. 70-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო მოძრაობა ტყვის შემცველი ბენზინის გამოყენების საწინააღმდეგოდ მისი უარყოფითი გავლენის გამო ადამიანის ჯანმრთელობაზე.70-იან წლებში იაპონიაში დაწყებული მოძრაობა დასრულდა 1990-იან წლებში ტყვიის სრული გამოდევნით საწვავიდან. 1993 წლიდან 1996 წლის ჩათვლით ტყვიის შემცველი ბენზინის ხმარება აიკრძალა შემდეგ ქვეყნებში:ავსტრია, გერმანია, დანია,კანადა, შვედეთი. მათ კვალს მიჰყვნენ სხვა ქვეყნებიც და 2000 წლის ბოლოსთვის 42-მა ქვეყანამ სრულიად აკრძალა ტყვიიის შემცველი ბენზინის გამოყენება. იგივე გააკეთა ევრო გაერთიანებამ 2002 წელს.

თანამედროვე ავტომობილებზე კატალიზური გადამრთველი მუშაობს საწვავზე რომელიც არ შეიცავს ტყვიას, წინააღმდეგ შემთხვევაში კატალიზური გადამრთველი იბლოკება და დროთა განმავლობაში არ ასრულებს თავის ფუნქციას, ანუ აღარ ფილტრავს გამონაბოლქვს. შედეგად გამოიდევნება გამონაბოლქვი გაჟღენთილი ტოქსიკური ნაერთებით.ამ შემთხვევაში უნდა გამოიცვალოს კატალიზური გადამრთველი და მომავალში გამოყენებული იქნას საწვავი ტყვიის გარეშე.ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ მძღოლები საქართველოში. მათ ნახეს მარტივი გამოსავალი, საერთოდ ამოიღეს კატალიზური გადამრთველი მანქანიდან და შედეგად ტოქსიკური გამონაბოლქვი ყოველგვარი გაფილტვრის გარეშე იფრქვევა ატმოსფეროში. შემდგომში ამოღებულ კატალიზურ გადამრთველებს აბარებენ ჩამბარებელ პუნქტებში საკმაოდ სარფიანად, რაც სავსებით გასაგებია. კატ. გადამრთველები შეიცავს ძვირფას მეტალებს, მათ შორის პლატინას და შესაბამისად ფასიც მაღალი აქვს. ასეთი მანქანები საკმაოდ მომრავლებულია თბილისის ქუჩებში. ისმის კითხვა: როგორ უნდა გაიარონ ასეთმა ავტომობილებმა ტექნიკური დათვალიერება? თუ ჩვენ ვაპირებთ რომ ისევ ფორმალური იყოს ტექ. დათვალიერება და არ შემოწმდეს გამონაბოლქვზე მანქანები, მაშინ მარტივია, პრობლემა პრობლემად დარჩება და უბრალოდ თავს მოვიტყუებთ. თუ ვაპირებთ გამონაბოლქვზე შემოწმებას მაშინ ბუნებრივია მანქანები, რომლებსაც კატ. გადამრთველები არა აქვთ ისინი უბრალოდ ვერ გაივლიან ტესტირებას, შესაბამისად ვერ იმოძრავებენ ქალაქში. თეორიულად დავუშვათ, რომ მანქანებს რომლებსაც არ აქვთ გადამრთველები,ან არ ფუნქციონირებენ, მიეცათ ვადა პრობლემის მოსაგვარებლად. იდეალურ შემთხვევაში თუ მძროლმა შეაკეთა ან შეიძინა კატ. გადამრთველი, გაივლის ტექ. დათვალიერებას, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ დადგება პრობლემის წინაშე, იმიტომ რომ კატ. გადამრთველი თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს იგივე საწვავის მოხმარების შემთხვევაში, რაც ამჟამად იყიდება საქართველოში. აქ მივდივართ მთავარ პრობლმამდე:სანამ საქართველოში არ მოხდება საწვავის ხარისხის შემოწმება, არ გამხორციელდება მუდმივი მონიტორინგი და არ გაუნჯობესდება ხარისხი , მანამდე არანაირ ტექნიკურ დათვალიერებას აზრი არა აქვს.

ცოტა რამ საწვავის შესახებ:

“აზერბაიჯანი საქართველოს სიდიდით მეორე საწვავის იმპორტიორია. 2013 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში შემოტანილი ბენზინისა და დიზელის 25,7% (193,3 ათასი ტონა) სწორედ აზერბაიჯანული იყო. პირველ ადგილზე, 34,5%-ით, რუმინეთია (259,0 ათასი ტონა), მესამეზე, 16,2%ით – ბულგარეთი (121,9 ათასი ტონა), ხოლო მეოთხეზე, 14,1%-ით – რუსეთი (105,9 ათასი ტონა).”(2) კომპანიებს, რომლებსაც შემოაქვთ საწვავი თვითონ ატარებენ ხარისხზე მონიტორინგს, ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი და მთლიანად პროცესი არ არის გამჭვირვალე. სახელმწიფო არ ატარებს საწვავის მონიტორინგს და მომხმარებელი უბრალოდ ბრმად ენდობა კომპანიების მიერ მოწოდებულ ინპორმაციას. შედეგი კი სახეზეა, დაბინძურებული ჰაერი და მწყობრიდან გამოსული მანქანები. 2011 წელს მთავრობამ მიიღო დაადგენილება “საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ”. რის მიხედვითაც განისაზღვრა საავტომობილო საწვავზე ახალი ხარისხობრივ-ეკოლოგიური მახასიათებლები. ამ დადგენილებას უნდა მოჰყოლოდა ქმედება ანუ დადგენილება მონიტორინგის შესახებ, რომ რეალურად დაგვენახა სურათი და იმპოეტიორები გახდებოდნენ ვალდებული შემოეტანათ მოთხოვნის შესაბამისი საწვავი, სხვა შემთხვავაში ცალსახა დადგენილებები ნორმების შესახებ შედეგს ვერ გამოირებს.

ცნობიერების ამაღლება

აქ მივედით არა ნაკლებ მნიშვნელოვან საკოთხთან:მოსახლეობის ინფორმირებულობა, ცნობიერების ამაღლება. პარალელურად საწვავის მონიტორინგის დაწყებასთან ერთად უნდა დაიწყოს ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის ყველა იმ უარყოფითი გავლენის შესახებ რასაც დაბინძურებული საწვავი ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე. ამას გარემოს დაცვის სამინისტროს დაკვეთით არასამთავრებო სექტორი და პრესა უნდა ანხორციელებდეს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს რა არჩევანის წინაშე დგას. მთლიანი პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და კარგად დასაბუთებული. ადამიანმა უნდა იცოდეს რას სუნთქავს, რა ზიანი მოაქვს დაბინძურებულ ჰაერს ჩვენს ჯანმრთელობაზე და შემდეგ აღარავინ იკითხავს საჭიროა თუ არა ტექნიკური დათვალიერების შემოღება საქართველოში. რაც შეეხება ფასის გაზრდას , ჩემი აზრით დიდი ცვლილება ფასში არ მოხდება, ჩვენთან უკვე იყიდება უხარისხო საწვავი ევროპული ბენზინის ფასად.მერწმუნეთ, გაცილებით უფრო ძვირი გვიჯდება ჩვენი ჯანმრთელობა ვიდრე რამოდენიმე თეთრით გაძვირებული საწვავი. ასე რომ საწვავის მონიტორინგი აუცილებელია. მას შემდეგ როცა მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც გადაწყდება ეს საკითხი ამის შემდეგ შეიძლება ტექ. დათვალიერებაზე საუბარი, არსებობს კიდევ სხვა ღონისძიებები რომლებსაც შემდეგ წერილში გაგაცნობთ.

ი. გრძელიშვილი

2014

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *